შაბათი, 20 აგვისტო, 2022

შევაჯამოთ დღევანდელი ოლიმპიური დღე და ვისაუბროთ ხვალინდელზე

spot_img

ტოკიო-2020: მეთერთმეტე საშეჯიბრო დღის პერიპეტიები

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მეთერთმეტე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ოლიმპიური გუნდიდან სარბიელზე ხუთი წარმომადგენელი გავიდა, აქედან სამი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იყო, ორი – მძლეოსანი.

თავდაპირველად ასპარეზობაში სამხტომელი ლაშა ღულელაურის ჩაერთო, მაგრამ რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილემ საკვალიფიკაციო ხტომებში სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და ფინალს მიღმა დარჩა. კვალიფიკაციის გასავლელად საჭირო იყო მინიმუმ 17,05 მეტრზე გადახტომა, ან 12 საუკეთესოს შორის მოხვედრა.

საღამოს შეჯიბრებაში ჩაერთო ბირთვის მკვრელი გიორგი მუჯარიძე, რომელიც ასევე ფინალს მიღმა დარჩა. მისი საუკეთესო შედეგია 19,76 მეტრი, რაც ბრძოლის გასაგრძელებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. კვალიფიკაციის გასავლელად საჭირო იყო ბირთვის მინიმუმ 21,20 მეტრზე კვრა ან 12 საუკეთესოს შორის მოხვედრა.

სამწუხაროდ, დოპინგ-ტესტი ჩააგდო ბირთვის მკვრელმა ბენიკ აბრამიანმა – სამ აკრძალულ პრეპარატზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა და თამაშებიდან მოიკვეთა.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ფინალში გასვლასთან ახლოს იყო 23-წლამდელთა მსოფლიო ს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი რამაზ ზოიძე (67 კგ). ქართველმა ფალავანმა მისთვის სადებიუტო ოლიმპიური თამაშებში ასპარეზობა მერვედფინალში ძალზე გამოცდილ და ტიტულიან მეტოქესთან, მსოფლიოს და ოლიმპიურ ჩემპიონთან, კუბელ ისმაელ ბორერა მოლინასთან დაიწყო და დაძაბულ შეხვედრაში 3:2 გაიმარჯვა.

ზოიძემ ურთულესი ბარიერის გადალახვის შემდეგ, დევნილთა გუნდის წარმომადგენელ აკერ ალ ობაიდისთან ეფექტური გამარჯვებაც მიითვალა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ქართველმა ფალავანმა აზიის ჩემპიონთან, ირანელ მოჰამადრეზა გერაისთან ფინალში გამსვლელი ორთაბრძოლა პირველი პერიოდის მოგებით დაიწყო (1:0), მაგრამ მეორეში საკვანძო მომენტში ქართველს გაფრთხილება მისცეს, მეტოქეს ქულა და ზოიძე ჩოქბჯენში გაუშვეს, რაც ირანელმა 2 ქულაში გარდასახა. შეფასება უსამართლოდ მიიჩნიეს ჩვენმა მწვრთნელებმა და „ჩელენჯი“ მოითხოვეს. კონკრეტული ეპიზოდის განხილვამ შედეგი არ გამოიღო და ზოიძე დამატებითი ქულით დააჯარიმეს. მალევე ზოიძემ კიდევ ორი ქულა დაკარგა. შედეგად, ირანელმა 6:1 გაიმარჯვა, ზოიძეს კი 4 აგვისტოს ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი მიეცემა. სამედლო ბრძოლაში მისი მეტოქე იქნება ეგვიპტელი ელსაიდ იბრაჰიმ მუჰამედ ელსაიდი.

წარუმატებლად გამოვიდა მსოფლიოს ჩემპიონი და ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ასევე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი ლაშა გობაძე (87 კგ).
ქართველი ფალავანი ოლიმპიურ ხალიჩაზე გამოსვლას მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელ 37 წლის უზბეკ რუსტამ ასაკალოვთან შეხვედრით შეუდგა. გობაძემ პირველი პერიოდი 3:0 მოიგო და ახლოს იყო წარმატებასთან, მაგრამ მეორე პერიოდში უკეთ მეტოქემ იასპარეზა და მეოთხედფინალშიც ის გავიდა (5:6). გობაძე ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსიც დაკარგა, რადგან ასაკალოვი მომდევნო წრეში დამარცხდა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები უშედეგო გამოდგა გიორგი მელიასთვის. ქართველმა ფალავანმა 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობა მოუგებლად დაასრულა.

23-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გიორგი მელია ასპარეზობას 2 აგვისტოს მერვედფინალიდან შეუდგა. 24 წლის ქართველ ფალავანს პირველ მეტოქედ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ასევე ორგზის ჩემპიონი მუსა ევლოევი ჰყავდა. სამწუხაროდ ქართველი ფალავანი დებიუტშივე დამარცხდა (1:3), მაგრამ მეტოქის ფინალში გასვლამ მელიას 3 აგვისტოს, ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი მისცა, რაც გამოუყენებელი დარჩა – უნგრელი ალექს გერგო ჟოკესთან 1:5 დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

4 აგვისტოს სარბიელზე გავა ძალოსნობაში რიოს თამაშების ტრიუმფატორი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე.
ქართველი მძიმეწონოსანი ასპარეზობას თბილისის დროით 14.50 საათიდან შეუდგება.

 

 

©საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები