შაბათი, 13 აგვისტო, 2022

ჩოგბურთი – ნოლეს მორიგი სასწაული

spot_img

უიმბლდონის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩი დასრულებულია, შესაბამისად მიმდინარე ტურნირის პირველი ნახევარფინალისტი უკვე ცნობილია და ის ნოვაკ ჯოკოვიჩი გახლავთ, რომელმაც მორიგი სასწაული შემოგვთავაზა.

სერბი ჩოგბურთელის მეტოქე მეოთხედფინალში იტალიელი იანიკ სინერი გახლდათ.

ნოვაკ ჯოკოვიჩი 5-7, 2-6, 6-3, 6-2, 6-2 იანიკ სინერი

მატჩის პირველი სეტი ნოვაკმა აგრესიული და შედეგიანი თამაშით დაიწყო, რითიც ხელთ საკმაოდ სოლიდური უპირატესობა იგდო და 4-1 დაწინაურდა. მისმა იტალიელმა მეტოქემ გონზე მოსვლა დროულად შეძლო და ერთი შესრულებული ბრეიკის შემდგომ, სეტში ანგარიში გაათანაბრა.

მოთამაშეების მხრიდან კიდევ თითოჯერ თავიანთი ჩაწოდებების მოგების შემდეგ, პირველ სეტში საკვანძო მომენტის დრო დადგა – საუბარია იტალიელის მხრიდან კიდევ ერთ ბრეიკზე, რამაც სინერი სეტზე ჩაწოდებამდე მიიყვანა და ამის შემდგომ პირველი პარტიის სათავისოდ დასრულება აღარ გასჭირვებია (7-5).

მეორე სეტში იტალიელმა ჩოგბურთელმა უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარა და ამჯერად სერბის დაბრეიკება უკვე ორჯერ მოახერხა, შესაბამისად მან მეორე სეტი გამარჯვებამდე გაცილებით იოლად მიიყვანა (6-2).

სერბი ჩოგბურთელი მეორე სეტის წაგების შემდეგ ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა საჩოგბურთო სამყაროში თუ ვინმეა, ვისაც ასეთი სიტუაციებიდან თავის დაღწევა ყველაზე უფრო კარგად შეუძლია, ეს სწორედ ნოვაკ ჯოკოვიჩია.

მან უიმბლდონის ცენტრალურ კორტსა და ტელეეკრანებთან შეკრებილ გულშემატკივრებს მორიგი სასწაული შესთავაზა. სერბმა ჩოგბურთელმა, შეხვედრის დანარჩენ სამ სეტში, სულ რაღაც 7 გეიმი დათმო და რასაც თან ახლდა მისი ცივსისხლიანი და მტკიცე მოქმედებები, როგორც საკუთარ, ასევე მეტოქის მოწოდებებზე.

ნოვაკ ჯოკოვიჩი მთელი თავისი კარიერის მანძილზე ცნობილია იმით, რომ მას აქვს ძალზე შეუპოვარი და მტკიცე ხასიათი, რითიც სერბი ჩოგბურთელი მიდის იმ სიმაღლემდე, რასაც წლებია გვიჩვენებს.

ნოლე ამ გამარჯვებით მიმდინარე ტურნირის პირველი ნახევარფინალისტი გახდა. შესაბამისად, სერბის გზა უიმბლდონის მე-7 ტიტულამდე კვლავ გრძელდება.

ჯოკოვიჩის მომდევნო მეტოქე ბელგიელ დავიდ გოფინს და ბრიტანელ კამერონ ნორის შორის გაირკვევა.

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

 

 

 

 

 

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები