შაბათი, 13 აგვისტო, 2022

ფეხბურთი – ბუდუს სამიდან სამი

spot_img

გუშინ 4 აგვისტოს, ევროპა და კონფერენს ლიგების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა, სადაც ქართველ ფეხბურთელთა გუნდებმაც იასპარეზეს.

საინტერესო იქნება გავიგოთ თუ როგორ ითამაშეს ჩვენმა ფეხბურთელებმა და რა შედეგით დასრულდა აღნიშნული მატჩები მათი გუნდებისთვის.

ევროპა ლიგა 

ოლიმპიაკოსი(საბერძნეთი) 1-1 სლოვან ბრატისლავა(სლოვაკეთი)

ჩემპიონთა ლიგიდან დრამატულად გამოვარდნის შემდეგ, სლოვანმა ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც მათი მეტოქე ბერძნული ოლიმპიაკოსი გახლავთ და გუნდების პირველი მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.

გურამ კაშიამ მატჩის 73-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ისე კი მან და ჯაბა კანკავამ მატჩი სრულად ჩაატარეს, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე უკვე დამატებულ დროში შეცვალეს.

შემროკ როვერსი(ირლანდია) 3-1 შკუპი(ჩრდილოეთ მაკედონია)

ჩრდილოეთ მაკედონიის მოქმედმა ჩემპიონმა შკუპმა, სადაც ქართველი მცველი გაგი მარგველაშვილი ასპარეზობს, ირლანდიურ შემროკთან გასვლით მატჩში, ანგარიშით 3-1 წააგო. მარგველაშვილმა ამ მატჩშიც შეუცვლელად ითამაშა.

კონფერენს ლიგა 

სპარტაკ ტრნავა(სლოვაკეთი) 0-2 რაკოვი(პოლონეთი)

ქართველი ნახევარმცველი, ვაკო გვილია, პოლონური გუნდის განაცხადში საერთოდ არ იმყოფებოდა.

აპოელი(კვიპროსი) 1-0 ყიზილჟარი(ყაზახეთი)

მურთაზ დაუშვილმა(აპოელი) შეხვედრაში 74 წუთით ითამაშა, ხოლო ელგუჯა ლობჯანიძემ(ყიზილჟარი) მოედანი უკვე დამატებულ დროში, მატჩის 92-ე წუთზე დატოვა.

ყაზახელთა განაცხადში ასევე იმყოფებოდა ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ივანიაძე, რომელსაც აპოელთან სათამაშო დრო არ მიუღია და აქვე გეტყვით იმასაც, რომ აპოელის რიგებში ტრავმის გამო ვერ იასპარეზა გიორგი ქვილითაიამ.

ნეფტჩი(აზერბაიჯანი) 2-1 რაპიდ ვენა(ავსტრია)

ქართველმა მცველმა, საბა კვირკველიამ, ნეფტჩის რიგებში შეუცვლელად იასპარეზა.

ვიკინგური(ისლანდია) 1-0 ლეხი(პოლონეთი)

ლეხის ქართველი ლეგიონერები, გიორგი წიტაიშვილი და ნიკა კვეკვესკირი, მოედანზე მატჩის 61 წუთზე გამოჩნდნენ.

ფეჰერვარი(უნგრეთი) 5-0 პეტროკუბი(მოლდოვა)

მშვენიერ ფორმაშია ფეჰერვარის ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც კონფერენს ლიგაზე მესამე მატჩში მესამე გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა ამჯერად მოლდოვური პეტროკუბის კარი პენალტის ნიშნულიდან დალაშქრა და ამ გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

და ბოლოს გეტყვით, რომ ბუდუ ზივზივაძე მოედანზე 46-ე წუთზე გამოვიდა.

ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

spot_img
spot_img

პოპულარული

spot_img

უახლესი

spot_img

მსგავსი სიახლეები